კანონის უზენაესობა

2014 წლიდან, ფონდი კრისტალის მხარდაჭერით და ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა კომპლექსური ინიციატივები, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების კვლევის მიმართულებით, ასევე, შესაბამისი რეაგირების პოლიტიკის შემუშავების კუთხით.

2015 წელს, ბიზნესისა და ეკონომიის ცენტრის (BEC) მიერ, ფონდი კრისტალისა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი – „მართლმსაჯულების მასობრივი ხარვეზების შედარებითი ანალიზი“. კვლევა გარკვეული ასპექტით საქართველოს მსგავსი წარსულის და გამოწვევების მქონე ქვეყნების გამოცდილების ანალიზს წარმოადგენს და წარსულში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკის სხვადასხვა, წარმატებულ თუ წარუმატებელ შემთხვევებს ასახავს. მისი მიზანია საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას მისცეს შესაძლებლობა გაეცნოს ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას და ხელი შეუწყოს ქართული სინამდვილისთვის შესაბამისი, ეფექტური პოლიტიკის შემუშავების პროცესს.

შედარებითი ანალიზი განხორციელდა და კვლევის ანგარიში –  ”წარსულის პირისპირ: სწავლა გამოცდილებათა გაზიარებით” – მომზადდა ბრიტანელი მკვლევარის ჯენი მანროს მიერ, ადამიანის უფლებათა და თანამედროვე ისტორიის პროფესორის ბრაიან ბრივატის ხელმძღვანელობით. კვლევა მოიცავს ხუთი ქვეყნის  (ჩეხეთი, განა, ჩრდილოეთ ირლანდია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ესპანეთი) გამოცდილების სიღრმისეულ და საილუსტრაციო ხასიათის ანალიზს, რომელთაგან თითოეული ქართულ რეალობასა და კონტექსტთან თანხვედრაში მყოფ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების პროცესის სხვადასხვა ელემენტის ანალიზს გვთავაზობს. კვლევაში განხილულია ადამიანის უფლებათა დარღვევისა და არასამართლიანი მოპყრობის ხუთი კატეგორია: მიკერძოებული და პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები (სასამართლოების შეცდომები); პატიმრების სისტემური წამება და არაადამიანური მოპყრობა; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება; საკუთრების უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევები; და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. რაც შეეხება საპასუხო რეაგირების მექანიზმებს, კვლევის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ექვსი სხვადასხვა ღონისძიება: სიმართლის ძიება; სისხლისსამართლებრივი დევნა; შეწყალება; რეპარაცია (მსხვერპლთა უფლებების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება); ინსტიტუციური რეფორმა; შემოწმება და ლუსტრაცია.  დასკვნის სახით კი ანგარიშში შეჯამებულია სხვა ქვეყნების ის გამოცდილება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, სასარგებლო იყოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ინფორმირებისთვის.

ბრიტანელ ექსპერტთა დელეგაცია, კვლევის ავტორის ჩათვლით, საქართველოს 2015 წლის 15-18 ნოემბერს ეწვია, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია და კონსულტაციები საკვანძო ინტერესთა ჯგუფებთან. 16 ნოემბერს ჩატარდა ასევე ადამიანის უფლებათა ბრიტანელი პროფესორის ბრაიან ბრივატის საჯარო ლექცია „წარსული სხვა ქვეყანაა: რატომ უნდა ვესტუმროთ მას?“, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ვიზიტის დასასრულს დელეგაციის მიერ მომზადდა წინადადებები წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე.

კვლევის ანგარიში, ფონდი კრისტალის მხარდაჭერით, ქართულად ითარგმნა და გამოქვეყნდა 2016 წელს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ; მისი ფართო საზოგადოებისთვის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია კი, 2016 წლის 19 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით. საჯარო დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა: გასული წლების განმავლობაში, წარსულში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისა და ამ კუთხით საქართველოსთვის რელევანტური საერთაშორისო გამოცდილების განხილვა; უფლებადარღვევათა წარსული პრაქტიკის შეფასება და პრევენციული ზომების შესახებ რეკომენდაციებზე მსჯელობა; ასევე, რეაგირების პოლიტიკის შემდგომი პრიორიტეტებისა და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ინტერესთა ჯგუფების აქტიური ჩართულობით.

2017 წლის აგვისტოში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა კვლევის შედეგები წარუდგინა და კვლევის ანგარიშის ეგზემპლარები გადასცა – თბილისის 50 უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკას, მათ შორის: თბილისის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და თავისუფალი უნივერსიტეტი.

სიახლეები

  • შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან ტომას ჰამარბერგთან

    თბილისი:  2 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფონდი „კრისტალის“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნესის, სამართლის სფეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ბატონ ტომას ჰამარბერგთან.  შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში საკუთრების უფლებების, სამართლებრივი გარემოსა და ბიზნესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას. აგრეთვე ბიზნესისათვის არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსავლის გზების დასახვას, საზოგადოებისათვის აქტუალური სამართლიანობის...